დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
cover

სიახლეები

2023 წლის საახალწლო ბლოგი

2023 წლის საახალწლო ბლოგი

რატომაა ახალი წელი ჯადოსნური, ანუ რაშია მისი მაგია...

90-იანებში თოვლის ბაბუები ბალიშის ქვეშ მხოლოდ შოკოლადის კანფეტებს ტოვებდნენ...

ნაძვის ხეებს განათებები არ ჰქონდა, მინის ძველი სათამაშოებიც კანტიკუნტად, თითო ტოტის გამოტოვებით, ეკიდა და ყველა აწყობისას და დაშლისას თითო ასეთი სათამაშო ტყდებოდა...

სკოლაში საახალწლო ზეიმი ან არ გვქონდა, ან თუ გვქონდა, ჩვენი საახალწლო ფორმა თეთრი როლინგი და ზედ შემოხვეული წვიმა იყო, იმასაც მოწყენილი ნაძვის ხიდან ვხსნიდით...

შუქი ახალ წლამდე ორი საათით ადრე მოდიოდა... ხანდახან ემთხვეოდა, გაზი და შუქი ერთად რომ გვქონდა...

საახალწლო შუშხუნები ძვირი ღირდა და სამ ბავშვს მარტო ერთი 10 ფერიანი შუშხუნა გვქონდა, სამ-სამ გასროლას ვინაწილებდით და ბოლო გასროლაზე სამივეს ერთად გვეჭირა ხელში. "ბომბაჩკებსაც" ვაკეთებდით, ბრონზა და სურიკი, ეტყობა, არც ისე ძვირი იყო...

მაგრამ ვიღაცამ ისე ქნა, რომ ახლაც, როცა სათამაშოებით სავსე ნაძვის ხეს, განათებებს ვახვევ, იმ ბავშვს უხარია იქ, სადღაც 90-იანებში და ღამის 12 საათის ჯადოსნური წამი ისეთივე ჯადოსნურია დღემდე... აბა როგორ ეტევა მასში მთელი ბავშვობა, ცხოვრების უკვე გატარებული და მომავალი ყველა წელი...

და ვინ ქნა ისე, რომ ეს ჯადოსნობა დღემდე მოგვყვება?..

ალბათ იმან, ვინც ბავშვობაში თოვლის ბაბუის მაგივრად ტოვებდა შოკოლადის კანფეტებს ბალიშის ქვეშ...

ალბათ იმან, ვინც გაქუცულ ნაძვის ხეს, ტოტებზე ბამბებს უმაგრებდა, ვითომ თოვლი იყო და ამით სათამაშოების ნაკლებობას მალავდა. გატეხილ სათამაშოებს კი წვრილად ფშვნიდა და ბამბებს აყრიდა, რომ ებრწყინათ...

ალბათ იმან, ვინც თავის წითელი პალტო გადაჭრა, თეთრი მანჟეტები დააკერა და სანტა-კლაუსის ფორმა გამოუვიდა, არავის რომ არ ეცვა ზეიმზე ისეთი...

ალბათ იმან, სანთლის შუქზე, სიცივეში, „კერასინკაზე“ რომ აცხობდა ნამცხვარს...

ალბათ იმან, ღამის ზუსტად თორმეტ საათზე თაფლში ამოვლებული კოვზით რომ შემოდიოდა და ასე ტკბილად დამიბერდითო, იძახდა...

ყველაფერი ისეთია, როგორც მას შენ უყურებ... მთელი ჯადოქრობაც ესაა... და ჩვენ, 90-იანელებმა, ეს კარგად ვიცით...

პ.ს. თოვლი... აი თოვლი კი მოდიოდა ხოლმე ხანდახან თავისით, ჯადოქრობის გარეშეც...❄️☃️

ასე ტკბილად დამიბერდით...☃️☃️