ხშირად ადამიანები დეტალებს არასათანადო ყურადღებას ვაქცევთ,რადგან ვთვლით, რომ წვრილმანებზე დროის ხარჯვა არ ღირს, ვინაიდან ისინი მნიშვნელოვანი არ არის.
ქვემოთ ვეცდებით, საწინააღმდეგო დავმტკიცოთ.
1. დეტალებზე ორიენტირებულობის გარეშე არ იქმნება ღირებული ლიტერატურა და ზოგადად ხელოვნება...
-მიქელანჯელოს რომ პიატაში ღვთისმშობლის კაბის ყველა ნაოჭი არ გამოეკვეთა, ის შედევრი ვერ გახდებოდა...
-ცნობილია, რომ ჰემინგუეიმ „მშვიდობით იარაღოს“ ფინალი 47-ჯერ გადაწერა.
-სტუმარ-მასპინძელში აღაზა რომ ზვიადაურს დაიტირებს, ჯოყოლა ეუბნება:“იტირე? კარგი გიქნია...მე რა გამგე ვარ მაგისა?! დიაცს მუდამაც უხდება გლოვა ვაჟკაცის კარგისა!“ ამბობენ, ვაჟა ჯოყოლას ამ გასაოცარ სიტყვებზე სამი დღე ფიქრობდა...
-მიუხედავად იმისა, რომ როდესაც თავისუფლების ქანდაკება დამზადდა, მაშინ არ არსებობდა თვითმფრინავი, ან რაიმე საფრენი აპარატი, რომ ადამიანს თავისუფლების ქანდაკებისთვის ზემოდან დაეხედა, მოქანდაკემ არ დაუშვა, რომ თავისუფლების ქანდაკებას არ ჰქონოდა თმა გვირგვინს შიგნით, მიუხედავად იმისა, რომ მოქანდაკე შეგუებული იყო იმ ფაქტს, რომ ამ დეტალს ვერასდროს ნახავდა ვინმე.
-მე პირადად, რემარკზე პირველი რაც მახსენდება ისაა, რომ მისი გმირები მუდამ რომს და კალვადოსს სვამენ და იგი ყოველდღიური, უმნიშვნელო დეტალების გადმოცემის ოსტატია, რითაც მისი ყველა ნაწარმოები კითხვისას ბოლო წვრილმანამდე ცოცხლდება ჩვენს წარმოსახვაში...
2. წერისას ან საუბრისას თუკი დეტალებს არ მივაქცევთ ყურადღებას, ხშირად პატარა გადაცდომამ შესაძლოა წინადადების, ან მთელი საუბრის შინაარსი შეცვალოს. პატარა დეტალია, მძიმე გამოგრჩება, თუ არა, მაგრამ დამეთანხმები, რომ ერთი და იგივე არ არის: „მე ვაპირებ, ვჭამო, თემო, შემომიერთდები?“ და „მე ვაპირებ ვჭამო თემო, შემომიერთდები?“ ერთ შემთხვევაში თემოს ვეპატიჟებით,რომ ჩვენთან ერთად მიირთვას და მეორე შემთხვევაში გამოდის, რომ თემოს შეჭმას ვაპირებთ.
3. დეტალებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს წყვილის ურთიერთობაში.
უხეში სტატისტიკა რომ მოვიშველიოთ, წყვილების განხეთქილებების 80% მოდის წვრილმან გაუგებრობებზე.
დეტალები რომ ასეთი მნიშვნელოვანი არ იყოს, ჩვენ მარტივად შევეგუებოდით, რომ ჩვენი მეორე ნახევარი არასდროს კეტავს ოთახის კარს (პრინციპში კარადის კარსაც), ან არ გაგვაღიზიანებდა, თუკი ის ჩიპსებს ხრაშუნით ჭამს, ან სახლში შემოსვლისას ფეხსაცმლის გახდა ავიწყდება.
4. მეგობრულ ურთიერთობებს ხშირად დეტალები განსაზღვრავს. თუ გახსოვს, როდისაა შენი მეგობრის დაბადების დღე (თუ თარიღებს ვერ იმახსოვრებ, სეზონი მაინც ), როგორი ხასიათი აქვს დილაობით, რომელი დესერტი უყვარს განსაკუთრებით, შემწვარი კარტოფილი ტყემლით ურჩევნია, თუ კეჩუპით, ყავაში რამდენ შაქარს იყრის და რამდენად კარგი ურთიერთობა აქვს თავის უფროსთან, შეიძლება ითქვას, რომ თქვენ ნამდვილად კარგი მეგობრები ხართ.
5. დეტალები არის ის, რითაც ჩვენ ბედნიერების შეგრძნება შეგვიძლია.
დანამდვილებით შემიძლია, ვთქვა, რომ უროსავით თავში დაცემული ბედნიერება არ არსებობს.
პოპულარული აზრია, რომ ბედნიერება დეტალებშია და თუკი ჩვენ სათანადოდ არ ვაფასებთ დეტალებს, აუცილებლად ხელიდან ვუშვებთ ბედნიერების უამრავ შანსს...
მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ბევრი პრობლემა გქონდეს, თუკი შემოდგომის ერთ მშვიდ საღამოს პლედმოხვეული სავარძელში ჩაეფლოები, შენი ფანჯრიდან ფოთლების გახუნებულ სიყვითლეს გახედავ, ჭიქა ღვინოს მოწრუპავ და ბლოგს დაწერ, თამამად შეგიძლია, გაიღიმო და თქვა, რომ ბედნიერება სხვა რაღაა, თუ არა მსგავსი მომენტები...
ნუ დაელოდები სრულ სურათს, მთლიან ტექსტს, მთლიან დროს... დატკბი დეტალებით, სიტყვებით, წამებით... აქ და ახლა...
ამ ტკბობისას დაგროვილ მოგონებებს კი დრაკარი გაგიცოცხლებს მინიტურების საშუალებით ყველა დეტალის გათვალისწინებით, იმისთვის რომ არ გამოტოვო ემოცია, რასაც კარგი მოგონებების თავიდან გავლა ჰქვია...
ბევრ ტკბილ მოგონებებს და შემდეგ მათ ემოციურ გაცოცხლებას გისურვებთ.