დღეს ისეთი დღეა, მოგონებების გარეშე გვერდს რომ ვერ აუვლი...
ყველა ჩვენგანის ბავშვობა ითვლის ასტრიდ ლინდგრენის პერსონაჟებით გაჟღენთილ უსაშველოდ კეთილ დღეებს.
ძალიან გენიალური უნდა იყო , რომ ამდენი თაობისთვის ასე საყვარელი წიგნები წერო... ძალიან გენიალური უნდა იყო, რომ შენს ფუნთუშებს წიგნის ფურცლებზეც კი საოცარი სურნელი ასდიოდეს, ძალიან გენიალური უნდა იყო, რომ მსოფლიოში ყველაზე ცელქი და ონავარი პერსონაჟები მარტო ბავშვებს კი არა მათ მშობლებსაც შეაყვარო, ძალიან გენიალური უნდა იყო, რომ არაჩვეულებრივობა, განსხვავებულობა ყველასთვის მისაღები გახადო და კეთილი ოინბაზობებით ბავშვები ონავრებად კი არა პირველ რიგში კეთილებად აქციო ...
არ მეგულება ბავშვი, რომ მეგობრად ზომიერად ფერხორციანი, მოწიფული მამაკაცი, სახურავის ბინადარი კარლსონი ან პეპილოტა ვიქტუალინა როლგარდინა ეფრაიმსდოტერ გრძელიწინდა ( პეპი ) არ ენატრა, არ მეგულება ვინმე, ემილისთან ერთად ცელქობაზე არ ეოცნება კატხულტის ხუტორში, ან სალტკროკის კუნძულზე გულიანად არ ეტირა ჩორვენთან ერთად, ბოცმანს რომ მოკვლას უპირებდნენ. მეტსაც გეტყვით, არ მეგულება უკეთესი ცხოვრება, ვიდრე ბიულერბიუში ჰქონდათ ბიულერბიუელ ბავშვებს. დიდობაში გამოყოლილი ოცნება კი კალე ბლუკმვისტის შტაბია სხვენზე , პინგ-პონგის სათამაშო მაგიდით...
და სახლის სახურავზე შემოჯდომაზე, ფეხების ძირს გადაკიდებაზე, ყავაზე და ცხელი ფუნთუშების ყლაპვაზე რას იტყვით... ამაზე უკეთესი რამე გინდებათ უხასიათობისას?...