ომია... ეს ის დროა, როცა სისხლი ცრემლზე მეტია... დედების, ბებიების, ბავშვების ცრემლზე მეტი... ამ ცრემლზე უფრო მსუბუქი და უფრო მძიმე კი არაფერია ამ სისხლის გარდა...
დრო კი უცნაურია, სისხლის წვიმაში გაზაფხულის მოყვანაც რომ შეუძლია, ისეთი უცნაური... და როცა ჩვენი დედები ყვავილებით სახლში მოსულ შვილებს ელიან, იქ , არც ისე შორს, სხვა დედები ალბათ როგორი შიშით ელოდებიან განგაშის სიგნალს ან ავისმომასწავებლად აწკრიალებულ ტელეფონს...
და ახლა ყველაზე ადვილი გასაგებია ის ტკივილი, რაც ჩვენმა დედებმაც არც ისე დიდი ხნის წინ გამოიარეს და გამოიარეს არაერთხელ... ხუთი ომი... ხუთი ომი ბოლო 30 წლის განმავლობაში... წარმოსადგენადაც კი ძნელია, ხუთჯერ გადაიტანო ეს ყველაფერი. ისინი ყველაზე დიდი გმირები არიან მათ მერე, ვისი სისხლითაც ბევრჯერ გაიჟღინთა ჩვენი მიწა, თუმცა არ ვიცი, შედარება იქით იყოს და რა უფრო მეტია, თავი გაწირო, თუ თავგანწირული შვილის დედად, ან ქვრივად იცხოვრო, თუ ის რომ ჩუმად , თითქოს ცოდვიანი სიხარულით გიხაროდეს, რომ შენი ქმარი დაბრუნდა, შენს შვილს ბედმა გაუღიმა.
ერთხელ შებახუსებული ომგამოვლილი ბიჭები ცოლებს შეეხუმრნენ, თქვენ რა გგონიათ, ფრონტზე მთელი დღე ტყვიების წვიმაა, სინამდვილეში ყველაზე სახიფათო მომენტები სამი-ოთხი წუთი გრძელდებაო... ცოლები მოუბრუნდნენ და უთხრეს, მერე ეგ თქვენ იცით, როდისაა ის სამი-ოთხი წუთი, ჩვენ კიდევ ის ყოველ წუთს და ყოველ წამს გვგონიაო... ბიჭები გაჩუმდნენ... შეუძლებელია, არ გაჩუმდე ქალის წინაშე, რომელიც ღიმილით გაცილებს ომში, შეუძლებელია, არ გაჩუმდე ქალის წინაშე, რომელსაც კარებზე ყველა დაკაკუნების და ყველა ზარის ეშინია, მაგრამ მაინც ყველაზე მეტად ამ ზარს და ამ კაკუნს ელის, იმიტომ რომ კარგი ამბის გაგებაც ამ ზარზე და კაკუნზე ჰკიდია, შეუძლებელია, არ გაჩუმდე ქალის წინაშე, რომელსაც სახლში შემოფრენილი მწერების ეშინია, მაგრამ იარაღის გამოყენებას ჩუმად სწავლობს და ადამიანის სხეულის იმ ადგილებს იზეპირებს, სადაც პირველ რიგში ადვილად კლავს ტყვია.
კი ყველა იმ შეგნებით ვიზრდებით, რომ ჩვენი დედების ამაგს მაშინაც ვერ გადავიხდით, ხელისგულზე ერბოკვერცხი რომ შევიწვათ... კი ასეა, მაგრამ ისიც ცხადია, რომ ერბოკვერცხს ყოველთვის მაინც ტაფაზე ვწვავთ...
სიტყვა გილოცავთ ცოტა მძიმე დასაწერია და უბრალოდ გეტყვით, ჩვენო დედებო და ჩვენო ღმერთებო, თქვენზე ძლიერი არავინ მეგულება ამ ქვეყნად. მშვიდობას გისურვებთ თქვენ და ყველას!